თექა-მოთელილი მატყლის საფენი ქეჩა, ამზადებენ თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში. მწყემსები და მეცხვარეები მთაბარობისას თექას იყენებენ კარვების გადასახურად. სახიანი თექის საუკეთესო ნიმუშები ("ნაბადი") მზადდებოდა თუშეთში. თუშური თექა გამოირჩევა მარტივი და დახვეწილი ორნამენტით. თუშეთი საქართველოს მაღალმთიანი კუთხეა, ის გამოირჩევა ჯანმრთელი ჰავით, ჰაერის ზომიერ სინოტივით, მზის ნათების დიდი ხანგრძლივობით, ზომიერი ტემპერატურით და ულტრაიისფერი სხივების სიმდიდრით. მეცხვარეობა თავის წილად შესანიშნავ ნედლეულს იძლევა ხალხური ფეიქრობისათვის. თუშეთისათვის ტრადიციული დარგი მეცხვარეობა XIX საუკუნიდან მასშტაბური გახდა. ისე რომ ამ დროისათვის თუშ ქალებს ხელთ ჰქონდათ უხვი მასალა ხელსაქმის წარმოებისათვის.
კავკასიაში გავრცელებული ცხვრის ჯიშებიდან უმაღლეს ხარისხად ითვლება თუშური ცხვრის რბილი, ნაზი და მბზინავი მატყლი, იგი ტექნოლოგიური თვალსაზრისით მეტად საყურადღებოა,რადგან გრეხისა და გაჭიმვის მიმართ დიდი გამძლეობა აქვს. ახასიათებს ღებვისადმი დიდი მორჩილება. საღებავს უფრო კარგად ემორჩილება „კრაველი“-ბატკნის მატყლი, ვიდრე მოზრდილი ცხვრისა.სხვადასხვანაირად იღებება ცხვრის სხეულის სხვადასვა ნაწილიდან ანაკრეჭი მატყლი. კრგად იღებება ზურგის ნაწილის მატყლი, ცუდად იღებს საღებავს იღლიებისა და კისრის ბუსუსა მატყლი.
შესანიშნავ ნედლეულთან ერთად თუშეთის მრავალფეროვანი მცენარეული საფარი, თუშ ქალებს სამღებრო მცენარეების შერჩევისა და გამოყენების დიდ შესაძლებლობას აძლევს.
ქართული ენის თუშურ დიალექტში ფერის ხარისხის, ფერის ურთიერთშეხამებისა და ზოგადად ფერების აღმნიშვნელი მდიდარი ტერმინოლოგიაა წარმოდგენილი.
მატყლის ბუნებრივი ფერებია: თეთრი, „ცხვრის შავი“ -შავი და შავ ფერში გარდამავალი მუქი ყავისფერი, „ ცხვრის წითელი“ -წითელი, „ლეგა“ -რუხი,
თეთრისა და შავი ფერის მატყლის ურთიერთშეჩეჩვით მიღებული, „შავლეგა“- შავში გარდამავალი რუხი, „წყლისფერი“- ღია რუხი.
ხარისხის მიხედვით ფერები არის: „ლაღი“- კარგად გამოკვეთილი ფერის, „მუქი“- მაგარფერიანი, „თალხი“- მეტად შავი, „თეთრაი“- ღია ფერის, „მდუმარი“- დამცხრალი ფერი, „ტყრიალაი“- მყვირალა ფერი, „ღუშღუშაი“- მკვეთრი ფერი, „გადაყრუყნული“-გამუკვეთელი ფერი, „ბინდლურჯი“-რუხში გარდამავალი ლურჯი.
ღებვასთან და მატყლის დამუშავებასთან დაკავშირებული მთელი საქმიანობა, მხოლოდ ქალების ხელში იყო. არ არის არანაირი გამონაკლისიც კი, რომ ღებვა იცოდეს მამაკაცმა. ოჯახში სამღებრო საქმეს ძირითადად უფროსი ასაკის ქალი უძღვებოდა.
ღებვა წლის ყველა დროს შეიძლება, ზაფხულში იყენებენ ახალ, ხოლო ზამთარში გამხმარ მცენარეებს.
თუშები ბუნებრივ საღებავებს ორ ჯგუფად ჰყოფენ: არის „ თუშურა საღებავები“ , რომელიც თუშეთში მოიპოვება ან მხოლოდ თუშეთში გამოიყენება და „ კახურაი“, რომელიც კახეთიდან აჰქონდათ.
„თუშურა საღებავებია“: დეკა, თავშალი, ჯანგარო, მურყანი, კრაზანა, ფიჭვის და არყის ხავსი, ღოლოს ძირი, ვერხვისა და არყის ფოთოლი, ცირცლის
ქერქი, ენდრო, მჭვარტლი.
„კახურა საღებავებია“: თრიმლი, ლაფნის ფოთოლი, მუხის ქერქი, კაკლის წენგო, თუთის ფოთოლი, ატმის ფოთოლი, ლეღვის ფოთოლი, თრიმლის ქერქი, ხახვის ფურცელი, ჭაჭა, ენდრო.
ღებისათვის ჭურჭელს საგულდაგულოდ არჩევენ. ძველად იყენებდნენ თუჯის ქვაბებს, კარგად მოკალულ სპილენძის ქვაბებს, ქვევრებს. უპირატესობა თუჯის ქვაბებს ენიჭებოდა. ძაღაში*(რკინის გოგირდმჟავა მარილი, რკინის აჯასპი) ან ჟანგიან რკინებში, ბაწრის შავ ფერად ღებვისას, ჟანგიანი ქვაბის გამოყენებაც შეიძლება, სხვა ფერის ღებვისას, კი ჭურჭელი აუცილებლად სუფთა უნდა იყოს. სპილენძის ჭურჭელში ძაღით არ ღებავენ, რადგანაც, ძაღა კალასთან შედის რეაქციაში და შესაღებს მასალას აჭრელებს.
ამჟამად შესაღებად იყენებენ თუჯის დიდ ქვაბებს, მომინანქრებულ ვედროებასა და ქვაბებს.
შეღებვის წინ ბაწარს შესაღებად მოამზადებენ: ძაფის გორგლებს 200 ან 300 გრამიან „შიტეებად“ - შულოებად ამოახვევენ. შულოებს აკეთებენ შემდეგნაირად: ქალი ჯდება ფეხმორთხმით და მუხლებზე მრგვლად გადაიხვევს მთელ გორგალს ძაფისას, ბოლოს დატოვეს ცოტა ბაწარს, ისე, რომ მოკლე ძაფის ხვეულა გააკეთოს: შეკრავს ბაწარს 25 სმ-ის სიგრძეზე და ამოახვევს მუხლებზე გადახვეულ ძაფზე. ასე შულოებად მომზადებულ ძაფს პატარა შესაკრავებით შეღებვამდე ჭერში ჩამოკიდებენ. შეღებვის შემდეგ შულოს გორგლად ამოხვევას ამ პატარა ხელმოსაკიდი ხვეულადან იწყებენ. ზოგჯერ შულოს აკეთებენ სპეციალურ ხელსაწყოზე, რომელსაც „ტარაკუა“ ჰქვია.
შეღებვის წინ ძაფს აუცილებლად ასველებენ, თუ ქიმიურ საღებავებში ღებავენ. შეღებვის წინ ძაფის გარეცხვა საჭირო არაა, რადგან ძაფად დამუშავებამდე მატყლია გარეცხილი.
ყველაზე მეტად გავრცელებული და ხშირადხმარებელი ფერი თუშეთში ავია.თვალშისაცმია შავი ფერის სიჭარბე როგორც დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებში,ასევე ტანსცმელში. თვით საქორწილო სამოსიც კი თუშეთში მთლიანად შავი ფერისაა.
შავი ფერისადმი ასეთი მოთხოვნილება მხოლოდ თუშეთისთვის არ არის დამახასიათებელი.ასევე იყო საქართველოს სხვა კუთხეებში. შავი ფერისადმი ასეთი დამოკიდებულება ზოგადქართული ტრადიციიდან მომდინარე ჩანს.
ღებავდნენ როგორც ბაწარს ანუ ძაფს,ისე შინნაქსოვი შალის ქსოვილსაც. სატანსაცმელე ქსოვილებს - ტოლებს ღებავდნენ ძირითადად შავად,მუქ ლურჟად ან მუქ წენგოდ.
ღებავენ მატყლსაც,ისევე როგორც ბაწარს.ღებვისას მატყლის ზოგიერთი ნაწილი იწვის,ჩეჩვისას ეს დამწვარი ნაწილი „იფშვიტება“ და ცილდება მატყლს,შემდეგი დამუშავებისას ბაწარში აღარ მიჰყვება.
შავი ნაერთი ორჯერადი შეღებვით იღებება. შავი ფერის მისაღებად ძაფს ჯერ რომელიმე მცენარეულ საღებავში შეღებავენ და შედეგ უკვე შავად ღებავენ.
შავი ფერის მისაღება ყველაზე მეტა გავრცელებულია თავშავაში „დედება“ : თავშავას ჯერ ჩაყრიან, ჩააფენენ შესაღები ქვაბის ფსკერზე,შემდეგ ფენა-ფენა ჩააფენენ თავშავას და ა.შ. შემდეგ დაასხამენ იმდენ წყალს, რომ ქვაბში შესაღები ძაფი და მცენარე თავისუფლად იყოს. ქვაბს შედგამენ ცეცხლზე და ადუღებენ. ღებვის დროს სამღებროს დროდადრო ამოწმებენ. 2 სთ დუღილის შემდეგ, როცა თავშავას ღერო ხელით კარგად იფცქვნება,სამღებროს ქვაბიდან ამოიგებენ. ზედ ქვაბზე დადებენ არყის ხის წნელებისგამ დაწნულ ლასტს,ან ისეთ ჯოხებს გააწყობენ, რომ ბაწარზე არ გადავიდეს. ამ ლასტზე ან ხეებზე დადებენ სამღებროდან ამოღებულ ბაწარს,ზედ თბილად დააფარებენ რაიმე ნაქსოვს ან ნაბადს და ასე ტოვებენ სანამ წყალი გაცივდება ,ე.ი. „ორთქლზე გააცივებენ“ . ხალხის გადმოცემით ორთქლზე გაცივება ფერს ამკვეთრებს და მდგრადს ხდის.მეორე დღეს,როცა ბაწარი და წყალი კარგად გაცივდება სამღებროდან ამოყრიან მცენარის ფოთლებს და ღერწბს. შენაღებ წვენში ძაღას ჩაყრიან . 2 კგ ძაფზე სამ პეშვს ჩააყრიან,ერთ შულოზე ნახევარზე ნაკლებს. სამ პეშვ ძაღაზე ჩააყრიან ერთ პეშვს მარილს. ძაღაში შეღებვის დროს ძალიან ფრთხილობენ ,რადგანაც ძაღა ადვილად წვას სამღებროს, ამიტომ ჯერ ცოტას ჩაყრიან,თუ არ ეყოფა კიდევ ჩაამატებენ. ძაღის ჩაყრის შემდეგ ქვაბს ერთხელ კიდევ წამოადუღებენ და შიგ ჩაუმატებენ ორთქლზე გაცივებულ,ნადედებ ბაწარს. ნახევარ საათს კიდევ ადუღებენ შემდეგ გადმოდგაენ ცეცხლიდან,ძაფს ჯერ ისევ ორთქლზე თბილად დახურულს გააცივებენ და ისევ გააშრობენ.
ზემოაღწერილი წესით ხდება ძაფის დედება სხვა მცენარეებშიც.
ზოგადად ყველა მცენარეებში ბაწარი ისე იღებება, როგორც ავღწერეთ თვაშავას დედება. ბაწარი მცენარესთან ერთად იდება სამღებრო ქვაბში,იხარშება და შემდეგ ორთქლზე ცივდება. მარილი მხოლოდ ძაღაში ღებვისას უნდა ძაფს,სხვა დროს იგი მარილს არ საჭიროებს.
ამრიგად,თუშეთში შავ ფერად შეღებვის წესი გულისხმობს ორ ტექნოლოგიურ პროცესს - დედებას და უშუალოდ შავად შეღებვას ძაღის ან რკინის ჟანგის დახმარებით.
თუშეთში შავი ფერის შემდეგ გავრცელებული ფერია წენგო - ყავისფერი. წენგოს სხვადასხვა ტონალობას იღებენ ხახვის ფურცლებში, ეკაში, თავშავაში , ჯანგაროში, კაკლის წენგოში... წენგოს სინონიმად ხმარობენ ირმის ფერს,აგურისფერს და ღვიძლისფერს.
შავად ღებვის გარდა,ძაღას სხვა ფერის მისაღებადაც იყენებენ. თუ ამა თუ იმ ფერის გამუქება და გამკვეთრება უნდათ, მაშინ სამღებროდან ძაფსა და ბალახ-ბულახს ამოყრიან და წვენში დანის წვერით ძაღას დაუმატებენ. ა წვენს კარგად აურევენ. შემდეგ შესაღებ ძაფს ისევ ჩააბრუნებენ და ცოტა ხანს ისევ ადუღებენ,ორთქლზე აცივებენ და მზეზე აშრობენ.
მცენარეულ საღებავებს ერთი თავისებურება ახასიათებს - ღებვის დროს ზუსტად მსგავსი ფერი არ მეორდება,რადგან შემღები ყოველთვის ვერ იცავს ზუსტ დოზებს,ისე ძირითადად თვალზომას ენდობა. ბალახიც ყოველთვის არ არის ერთნაერად „ძალიანი“. მოკრეფის დროზეც ბევრადაა დამოკიდებული მისი მღებავი თვისებები. ღებვის ხარისხი დამოკიდებულია წელიწადის დროსა და დღის მონაკვეთზეც. შეღებილი ძაფი,უხუნები და გამძლე ტონი რომ მიიღოს,კაშკაშა მზეზე უნდა გაშრეს. მნიშვნელობა აქვს ღებვის ხანგძლივობასაც.
ძველადაც ცოდნიათ და ამჟამადაც ისევ იყენებენ შერეული ღებვის წესს, ე.ი. მცენარეული და ხელოვნური საღებავების შერევას. მაგალითად, ძაფი წართხალში ან ჭინჭარში დედდება და ამავე წვენში სულ ცოტა მწვანე ხელოვნური საღებავის დამატებით „აფედ“ (მწვანედ) იღებება. ხალხურ მღებრობაში გავრცელებულია ტონის გასაძლიერებლად მცენარეულ საღებავში ხელოვნური საღებავის მცირე ოდენობით მიმატება, რაც, საკმაო ეფექტს იძლევა, მცენარეები კი ფერის მდგრადობის გარანტიაა, მცენარეულ საღებავებთან ერთად ქიმიური საღებავების შერევას მიმართავდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც, მაგალითად ქვემო ქართლში შავად შეღებისათვის კაკლის ფოთოლს დიდხნანს ხარშავდნენ და ამატებდნენ შავ ქიმიურ საღებავსაც.
ბაწარს თუში ქალები „კვერკვერად“- ჭრელად ღებავდნენ, ამისთვის ბაწრის შულოს გარკვეული ინტერვალებით დაკვანძავენ ან ძაფს ალაგ-ალაგ მჭიდროდ გადაახვევენ და სამღებროში ჩააგდებენ, ღებვისას დაკვანძულ ადგილებში სამღებრო ვერ ატანს და შულო ჭრელად იღებება, ასე შეღებილ ძაფს წინდების გასაჭრელებლად იყენებდნენ. „კვერკვერა’’ ძაფისაგან ნაქსოვს „ჯავარ “ ჰქვია.
ქალები ცდილობენ, რომ მათ მიერ შეღებილი ძაფები იყოს არა მხოლოდ ლამაზი არამედ ფერის გამძლეც-უხუნებელი. ამისათვის ფერის გასამკვეთრებელ და გასამაგრებელ საშუალებეს მიმართავენ.
ზოგჯერ, ვიდრე თბილად დააფარებენ დასაორთქლებელ, სამღებროდან ამოღებულ ძაფს, გაცრილ არყის ხის ნაცარსაც მოაყრიან მცირე ოდენობით, აურდაურევენ და თბილად გადააფარებენ. ნაცრის გამოყენებას ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა, ბევრი ნაცარიი ძაფს წვავს, გარდა აღნიშნულისა იციან შესაღები ძაფის წყლიან ნაცარწვერში გავლებაც. ნაცარწვერს შეემდეგნაირად ამზადებენ: წყალს წამოადუღებენ, შიგ ჩააყრიან ნაცარს, კარგად მოურევენ და გააჩერებნ, კარგად რომ დაილექება მის სუფთა ნაწილს გადაწურავენ. მზეზე გაშრობაც ფერის გამყარებას ისახავს მიზნად, ამავე მიზნით შესაღებ ბაწრებს, კლდის მარილში ან შაბში გამოხარშავენ, ცოტა ჟანგის დამატება ან ჯანგიან ქვაბში შერებვაც ფერის სიმკვეთრესა და მდგრადობას უწყობს ხელს, ფერს ამაგრებს ძაღა და მარილიც.
ძიება და ახალ-ახალი სამღებრო საშუალებების გამოცდა ალხურ მღებრობაში დღესაც არ წყდება, ამის მაგალითია, მანდარინის ქერქში ბაწრის შეღებვა, ასევე ახალია თუშეთისთვის ლობიოში შეღებვის წესიც, თუმცა მის გამოყენებას არ აქვს მასიური ხასიათი.
среда, 11 ноября 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)